საქართველო-ევროკავშირი

აშშ-ს საელჩო: ISFED-ის არდაშვება სამუშაო ჯგუფში ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

აშშ-ს საელჩო საქართველოში წერს, რომ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება და პროცესის გულწრფელობასთამ დაკავშირებით კითხვებს ბადებს.

"სამართლიანი არჩევნების (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა "უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე".

სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს". - წერია განცხადებაში.

18 აგვისტოს, ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მათი ჩართვა დაბლოკა.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები