რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიკვდილით დასჯა, ძარცვა, კრიმინალური ბრძანებები – რუსი ჯარისკაცები ომზე სიმართლეს ჰყვებიან

რუსულმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჟურნალმა Важные истории-მ რუსი ჯარისკაცების ჩაწერა მოახერხა. ისინი უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ სიმართლეს ჰყვებიან

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალების სისასტიკე უკრაინის ბევრმა ქალაქმა განიცადა, მათ შორის არის ავდიივკაც, რომელიც რუსეთის მიერ 27 თებერვლიდან 31 მარტამდე იყო ოკუპირებული. 

ამ დრომდე დადასტურებული ინფორმაციით, ქალაქში მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ჟურნალისტების თქმით, რუსი ჯარისკაცების ვინაობა შემთხვევით გაიგეს. ქალაქ ავდიიკას ერთ-ერთი მაცხოვრებლისგან წართმეული მობილურით რუსული არმიის წევრებმა ფოტოები გადაიღეს, მოგვიანებით კი ეს მობილური გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მათ ჯარისკაცების იდენტიფიცირება შეძლეს. ფოტოებზე 64-ე ბრიგადის წევრები, დენილ ფროლკინი და დმიტრი დანილოვი იყვნენ. ისინი მედიასთან ინტერვიუს დათანხმდნენ. 

"23 თებერვალს გამოგვიცხადეს, რომ უკრაინაში შესვლისთვის მზადება დაგვეწყო.

გვითხრეს, რომ სპეცოპერაცია დაიწყო, ეს ყველაფერი კი მხოლოდ 3 დღე გაგრძელდებოდა და უკრაინაში დაშინების მიზნით შევდიოდით. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს მალე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებდნენ და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანდნენ". – აღნიშნა დანილოვმა.

ჯარისკაცის ინფორმაციით, ავდიივკაში სამხედროები ეძებდნენ ადგილობრივებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვაში მსახურობდნენ და რუსეთის სამხედრო ძალების კოორდინატებზე ჰქონდათ წვდომა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია ტყვედ აჰყავდათ და შემდგომ უმაღლეს ორგანოებს გადასცემდნენ, დაკითხავდნენ და გაცვლის გზით უკან აბრუნებდნენ". – თქვა დანილოვმა.

ამასთან ერთად, ავდიივკაში ადამიანების მკვლელობის შესახებ ინფორმაციას დანილოვი უარყოფს. მისივე თქმით, ადგილობრივი მამაკაცების დახვრეტის შესახებ მას არ სმენია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დენილ ფროლკინი იყო ის ადამიანი, რომელიც აკავებდა მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთის ქვედანაყოფების კოორდინატების შესახებ, რაც ინტერვიუში თავად ფროლკინმაც აღიარა.

"უკრაინის თავდაცვისთვის კოორდინატების გადაცემის გამო ისინი დავაკავეთ და ჩვენს უფროსობას გადავეცით, შევამოწმეთ მათი ტელეფონები, ვნახეთ შესაბამისი მესიჯები და ვიდეო მასალა, რომლებიც რუსეთის ქვედანაყოფების კოორდინატებს ასახავდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა 3 მძევალი დახვრიტეს. ერთი სახლის ეზოში, ხოლო მეორე სარდაფში, მესამე ასევე სახლის ეზოში". – თქვა დენილ ფროლკინმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები სულ აწყობდნენ რეიდებს, სანამ რეგიონი ოკუპირებული იყო.

"ვის წინააღმდეგ ვიბრძვით არ ვიცი, ალბათ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაცისტები არ არიან, ისინი ზუსტად ისეთი სლავური ერია, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ პატარა ადამიანები ვართ, გვითხრეს, წადითო და დავემორჩილეთ". – თქვა დენილ ფროლკინმა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობას არ ასახელებს, დენილ ფროლკინმა აღნიშნა, რომ მისმა ქვედანაყოფმა კიევში ომის დაწყებიდან მალევე განიცადა მძიმე დანაკარგები.

რუსი ჯარისკაცების ისტორიების მიხედვით, ისინი უკრაინის მხრიდან ასეთი წინააღმდეგობისთვის მზად არ იყვნენ, უფრო მეტიც, მათმა უმეტესობამ უბრალოდ ბრძოლა არ იცოდა.

"არაფერს არ გვიყვებოდნენ, არ ვიცოდით ვის ვეომებოდით, ან სად მივდიოდით. მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის შესახებაც ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ.

თუ ჩვენი სამხედრო ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან, ამ ომს აზრი არ აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანა ფაშიზმისგან ვიხსნათ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ვანადგურებთ". - თქვა დენილ ფროლკინმა.

64-ე ბრიგადის ჯარისკაცის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების უმეტესობა ომზე უარს ამბობდა.

"ჯარისკაცების უმეტესობა ომზე უარს ამბობდა, რის შედეგადაც ბრიგადის უფროსი მათ ამცირებდა, ურტყამდა და დახვრეტით ემუქრებოდა.

მე მითხრეს, რომ არ შეიძლება უარის თქმა, თორემ საქმეს აღძრავდნენ ჩემ წინააღმდეგ.

[...] ჩვენი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მთელი დღე სარდაფებში ისხდნენ და ბრძანებებს გვაძლევენ, რომ გვეომა. ამის გამო ჯარისკაცთა უმეტესობა შეტევაზე უარს ამბობდა.

არ მესმის რისთვის ვიბრძვით, ამიტომ ომის გაგრძელება აღარ მინდა.

მე თავს დამნაშავედ ვცნობ ყველა დანაშაულში, რომელიც ავდიივკაში ჩავიდინე. მივიღე მონაწილეობა მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტაში, გაქურდვაში და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ხელმძღვანელობას ჩვენი ბიჭები ფეხებზე კიდია, კაპიკად არ უღირს ჩვენი სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ მიიღეთ ზომები, რომ გაასამართლოთ ისინი, განსაკუთრებით პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, გვარდიის გენერალი, სერგი დმიტრეკნო, დაზვერვის უფროსი, ვიაჩესლავ კლობუკოვი და ა. შ.

მე იქ დავხვრიტე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც რუსი ჯარისკაცების კოორდინატებს უკრაინას გადასცემდა. იმ სამი ადამიანიდან, რომელიც დახვრიტეს, ერთი სარდაფში და დანარჩენი ორი ეზოში, ერთი მე მოვკალი.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა დამიჭერენ თუ არა, მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ". - თქვა დენილ ფროლკინმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები