სალმან რუშდი

სალმან რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მან საუბარი შეძლო

სალმან რუშდი
REUTERS/Luke MacGregor/File Photo

მწერალი სალმან რუშდი თავდასხმისა და დაჭრის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მისი აგენტის ცნობით, რუშდიმ უკვე საუბარიც შეძლო.

მწერლის აგენტმა 13 აგვისტოს თქვა, რომ რუშდი თავდასხმის გამო, სავარაუდოდ, თვალს დაკარგავდა, თუმცა ახალ კომენტარში მას ამ საკითხზე არ უსაუბრია. მწერალს ასევე აღენიშნება შინაგანი დაზიანებები.

მწერალ სალმან რუშდის თავს 12 აგვისტოს ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

რუშდის დაჭრაში ეჭვმიტანილ კაცს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს. 24 წლის ჰადი მატარს ბრალად ედება რუშდის სახეზე, კისერსა და მუცელში დანით, სულ მცირე, 10 ჭრილობის მიყენება.

რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში. 

გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოსცა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.

რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.

ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.

კომენტარები