ივანიშვილის დეპუტატები

დეპუტატები: საელჩომ 5 ივლისს წაუგებელი თამაში ითამაშა, ინციდენტები ოცნებას დააზიანებდა

პრაიმტაიმი

ივანიშვილის დეპუტატები - მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთ წერილს ავრცელებენ, რომელშიც წერენ, რომ აშშ-ს ქართული ოცნების შეცვლის გეგმა აქვს. მათივე მტკიცებით, საელჩოს ხელისუფლებაში "უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი" ადამიანების მოსვლა სურს, რომლებიც "თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს".   

ივანიშვილის დეპუტატების სიტყვებით, 5 ივლისის მოვლენები ამ მიზანს ემსახურებოდა და "საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა".  

"5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა - ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით:

  • ივანიშვილის დეპტუტატები წერენ, რომ 3 წლის წინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე "ომისთვის სამზადისი დაიწყო", საქართველოშიც დაიწყო სამზადისი ხელისუფლებაში "ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს". მათივე მტკიცებით, მთავრობის შეცვლის მცდელობა საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. 
  • რაც შეეხება 2020 წელს, ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, საელჩო ოცნების შეცვლას ამ დროსაც ცდილობდა და ხელისუფლებაზე "სერიოზული ზეწოლა" იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ არჩევნების შემდეგ "დანის პირზე წარმატებით გაიარა". 
  • წერილის მიხედვით, ამ მიზანს ემსახურებოდა 2021 წელს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, "საელჩოს მოთხოვნა", დანიშნულიყო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, 5 ივლისის "პროვოკაცია", მიხეილ სააკაშვილის "საგანგებოდ ჩამოყვანა" და ა.შ. 
  • რაც შეეხება 2022 წელს, ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ წელს ხელისუფლების შეცვლის გეგმა, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული.   

ივანიშვილის დეპუტატების წერილი სრულად - ნახეთ აქ.  

2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ს მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. თუმცა, პუტინისტური ჯუფებისთვის გადამწყევტი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

ამის შემდეგ ორკები თავს დაესხნენ ოპერატორებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჯამში, მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტი დაშავდა. ზოგი მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ". მან მედიის პროტესტი კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია. 

კომენტარები