აგვისტოს ომი

მედვედევი: ქართულ ოცნებას ესმის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებლები არიან

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან TASS-თან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შემოჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი კარგად ესმის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის დამოუკიდებელი, პარტნიორი სახელმწიფოებია, ამიტომ ბედს აღარ გამოცდის და მათ არ დაუპირისპირდება.

"რუსი სამშვიდობოების თქმით, ცხინვალსა და ამ რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ამაზრზენად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ვაშინგტონის მიერ მართულმა მარიონეტულმა რეჟიმმა ასე გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია "დემოკრატიისა" და "ჰუმანიზმის" თავისი გაგება. მათ ძალის გამოყენებით, მთელი ერის განადგურების ფასად უნდოდათ მისი საქართველოსთვის დაბრუნება .რა თქმა უნდა, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლი გვეღვარა და თავი დაგვეხარა სისხლიანი დებილის წინაშე და ხალხი დასაგლეჯად მიგვეგდო". - თქვა მედვედევმა.

როგორც დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მალევე საკუთარმა ხალხმა უარყო, მან კი თავი უკრაინას "მიჰყიდა ".

"მალევე ის თავისივე ხალხმა უარყო. თუმცა, უსაქმოდ დიდ ხანს არ მჯდარა და თავისი თავის უკრაინის "ნარინჯისფერ" ფიგურებს სიამოვნებით მიჰყიდა. მათი რუსოფობიური პოლიტიკის ნაყოფს კი დღეს ვხედავთ". - თქვა მედვედევმა.

დღევანდელ ხელისუფლებაზე საუბრისას კი მედვედევმა აღნიშნა, რომ მათ კარგად ესმით თუ რას წარმოადგენს რუსეთისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შესაბამისად, ისინი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ.

"ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ეს კარგად ესმის. ისინი კიდევ ერთხელ აღარ გამოცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან ისეთ ძალასთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია". - თქვა მედვედევმა.

კომენტარები