ქართული ოცნება

კობახიძე ჩხიკვაძეზე: მარტივად გატარება არ შეიძლება, როცა მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს

საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა.

რა თქმა უნდა, როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, ასეთ ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი, ანუ უნდა გავერკვეთ, სინამდვილეში რაში იყო საქმე.

რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. და თუ მითუმეტეს საქმე იმას ეხება, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა, ეს საერთოდ კატასტროფაა, ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე. ლაშა ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. ლაშა ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე".

კომენტარები