საქართველო-NATO

NATO-მ საქართველო ოპერაცია ზღვის მცველში ოპერაციულ პარტნიორად აღიარა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

NATO-ს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ოთხდღიანი შეფასების შემდეგ ალიანსმა საქართველოს ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – ზღვის მცველის – ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ზღვის მცველი (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია –აქტიური ძალისხმევა (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.

ოპერაცია ზღვის მცველი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული.

2016 წელს საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, ჯგუფების მომზადება დაიწყო.

შსს აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.

კომენტარები