ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია ჩხიკვაძეზე: უსინდისო მოსამართლის განცხადება ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების გზაზე

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია "ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე". 

"უსინდისო, თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომლებიც დასავლეთს უპირისპირდებიან და ამხელენ ზეწოლაში.

[...] ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა გავწიოთ, არც უნდა მივაქციოთ საერთოდ ყურადღება. ამ ბოდვის სათავეში არის ივანიშვილი და ამ კაცის ეს საქციელი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის ის უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, სადაც არის ჩვენი ადგილი და სადაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი და დაცული ქვეყანა.". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს და ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" საუბრობს. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. ლაშა ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე". 

ჩხიკვაძის წერილი სრულად - ნახეთ აქ.  

მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრებოდა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მანვე აღნიშნა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

ამის შემდეგ, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

კომენტარები