ისრაელი

აშშ-მ და ისრაელმა გააფორმეს პირობა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

ჯო ბაიდენი და იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

"შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ ამ პირობის განუყოფელი ნაწილია ვალდებულება - არასდროს მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება და რომ მზადაა გამოიყენოს ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად". – წერია დეკლარაციის ტექსტში.

ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

"შეერთებული შტატები ასევე ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ დაუპირისპირდეს ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის ქმედებებს, იქნება ეს პირდაპირი თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინური ისლამური ჯიჰადი". – წერია შეთანხმებაში. 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაში მხოლოდ ბაიდენი უჭერს მხარს ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის ორი სახელმწიფო ორი ერის პრინციპის მეშვეობით გადაჭრას.

მიუხედავად იმისა, რომ იაირ ლაფიდი ასევე უჭერს მხარს ორი სახელმწიფოს ფორმატს, მას ეს განწყობა შეთანხმებაში არ დაუფიქსირებია, რადგან ის ამჟამად უძღვება დროებით მთავრობას, რომლის პარტიები ამ იდეის წინააღმდეგ არიან. თუმცა, ისრაელის პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს ფორმატს.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები