საქართველო-აშშ

"მტრებს და მოყვარე ქვეყნებს ვერ არჩევენ" – ლომჯარია ყაველაშვილზე, ხუნდაძესა და სუბარზე

"სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები მტრებს და ამ ქვეყნის მოყვარე ქვეყნებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან" – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ივანიშვილის დეპუტატების განცხადებებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ მათი მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანაა.

"მგონია, რომ ამ განცხადებების მიზანი არის უბრალოდ საზოგადოებაში გარკვეული კონსპირაციების შექმნა და დაბნეულობის შემოტანა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები მტრებს და ამ ქვეყნის მოყვარე ქვეყნებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. თუ მართლაც ამ ქვეყნის მტრებზე სურთ საუბარი, ვისურვებდი, რომ ამ დეპუტატებს ესაუბრათ, მაგალითად, იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ქართულად, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მოინახულონ თუნდაც მათი წინაპრების საფლავები.

ველოდები, რომ იმავე მიმართვას გაუგზავნიან, მაგალითად, რუსეთის პოლიტიკოსებს – რატომ აქვთ მათ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ამერიკასა და ევროპაზე, როგორც ამ ქვეყანაში ომის მსურველ ქვეყნებზე". – თქვა ლომჯარიამ ფორმულასთან საუბრისას.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

9 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში მათ აფინანსებს, ვისაც მმართველობიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ჩამოშორება სურთ.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები