საქართველო-აშშ

დეგნანი: ყაველაშვილის წერილი ოცნების ნარატივის გამოძახილია, გეკითხებით, რა მოტივი გაქვთ?

ბატონი ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ მისი ბოლომდე წაკითხვაც კი ვერ შევძელი. ზოგიერთი დეტალი ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. მაგალითად, მას აშკარად არ ესმის ის, რომ შეერთებული შტატები მხარს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას უჭერს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი კონსტიტუციით განმტკიცებულ დამოუკიდებულ ინსტიტუტებს დავუჭიროთ, რომელთა მოვალეობაც თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვაა. ძალიან სახიფათოა, როდესაც ასეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან. ასევე, როგორც ჩანს, კვლავ იმეორებენ იმ დეზინფორმაციას, რომლის მცდარობაც არაერთხელ დადასტურდა. შეერთებულ შტატებსა და ევროპას რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა არ სურთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ვინც ჩვენთან ერთად ამ მხრივ მუშაობს, სწორედ ისაა, ვინც გვერდით გვინდა გვყავდეს. ჩემთვის უცნაურია, რომ ის, რაზეც ყაველაშვილი საუბრობს, ქართული ოცნების პარტიის წევრების ნარატივის გამოძახილია, რომელზეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ აბსოლუტურად მცდარია. ჩემი შეკითხვა შემდეგია: რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი, რომელზეც ვიმეორებ, არაერთხელ ითქვა, რომ ტყუილია? 

ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ პარტია ქართული ოცნება დატოვა. ყაველაშვილმა დღეს, 8 ივლისს, საქართველოში აშშ-ს ელჩს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს.

კომენტარები