რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ჯონსონს: გულწრფელ და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით

ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონის გადადგომის გამო მწუხარება გამოთქვა და მას უკრაინის დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"მეგობარო ბორის ჯონსონ, ყველა უკრაინელმა მწუხარებით მიიღო ის ამბავი, რომ თქვენ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვეთ. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო დახმარებისთვის, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაგვიწიეთ. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით". - წერს ზელენსკი.

7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ჯონსონის თქმით, ცხადია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ მათ ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრიც სურთ. მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის ვადები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება. 

ბორის ჯონსონმა დანიშნა მინისტრთა ახალი კაბინეტიც და აღნიშნა, რომ მოვალეობის შესრულებას მანამ გააგრძელებს, სანამ პარტიის ახალი ლიდერი მის ამჟამინდელ თანამდებობას არ დაიკავებს. ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ "პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი".

"ჩვენი შესანიშნავი დარვინული სისტემა ახალ ლიდერს წარმოშობს". – თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ჩამნაცვლებელს შეძლებისდაგვარად დაეხმარება. 

ჯონსონმა გამოხატა წუხილი ოპონენტების მიმართ.

"ვნანობ, რომ დავაში წარუმატებელი ვიყავი და მტკივნეულია ამდენი იდეისა და პროექტის ვერდანახვა". – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალაუფლებაში დარჩენის არგუმენტები ვესტმინსტერში "ჯოგური ინსტინქტის" გამო უგულებელყვეს.

"მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია". – გამოხატა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული წუხილი ბორის ჯონსონმა.


5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურდათ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც. 

ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად კი - სტივ ბარკლაი. თუმცა, ვითარება მაინც დაძაბული დარჩა, რადგან, სხვადასხვა ინფორმაციით, ნადიმ ზაჰავის სურდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თანამდებობის დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადადგომით იმუქრებოდა.

"...საზოგადოება ხელისუფლებისგან სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მოქცევას სამართლიანად ელის. ვაცნობიერებ, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სამუშაო იყოს მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა, მწამს, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას". – წერდა რიში სუნაკი წერილში, რომლითაც მან ბორის ჯონსონს მიმართა.

"მე, ბუნებრივად, ჯგუფური მოთამაშე ვარ, თუმცა ბრიტანელი ხალხი ასევე სამართლიანად ელის მათი ხელისუფლებისგან პატიოსნებას". – წერდა საჯიდ ჯავიდი და აღნიშნავდა, რომ სიტუაცია ბორის ჯონსონის მმართველობის ქვეშ არ შეიცვლება და შესაბამისად, მის მიმართ ნდობა დაკარგა. 

ჯავიდისა და სუნაკის გადადგომას ათეულობით მინისტრისა და მაღალი თანამდებობის გადადგომა მოჰყვა.

ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა, თუმცა, მაშინ მან უნდობლობა დაძლია

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება ე.წ. ფართიგეითის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები