ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტი გვაქვს სამი ქვეყნიდან - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. თვეების და პერიოდების მიხედვით განსხვავებულია მოცულობებიც და ქვეყნებიც და დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყნიდან რა ფასად არის შესაძლებელი ელექტროენერგიის იმპორტი. როგორც წესი, არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი.
ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას იმიტომ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. გამომდინარე ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, ასევე მსყიდველუნარიანობიდან, ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი. თუმცა, თუ რაღაცა მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება ან რამე შეიძლება იყოს ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, იმიტომ, რომ ალტერნატიული წყაროები ნამდვილად არსებობს.