არაფორმალური მმართველობა

ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილს არაფორმალური სანქციები ადევს

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები უკვე ადევს. დეპუტატების განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები კი, როგორც მისივე ადვოკატმა განაცხადდა, 4 მარტიდან ამოქმედდა. შვეიცარიული ბანკი გაუგონარ რამეს აკეთებს და ივანიშვილს კუთვნილ თანხას თვეების მანძილზე არ ურიცხავს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ბანკი საკუთარ რეპუტაციას ამგვარ გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკური წნეხის გარეშე აკეთებს.

ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით - ბიძინა ივანიშვილზე.

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა.

ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.

ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს.

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს" - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში, რომელთა მტკიცებითაც, ქართული ოცნების რიგები დატოვეს.


ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.

Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი თვლის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. კომპანია აცხადებს, რომ თანხის გაცემის პროცესი კვლავ ბენეფიციარების უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რწმუნებულის მიერ მართული თანხები არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან და ეს აქტივები ფინანსური სტრუქტურებისგან დამოუკიდებელია.

"ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს". – თქვა ივანიშვილის პრესსპიკერმა.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები