საქართველო-დიდი ბრიტანეთი

მთავრობა: ღარიბაშვილმა ჯონსონი საქართველოში მოიწვია, მათ მეგობრული ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს მთავრობის ცნობით, მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები "ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო". 

"ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია" - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები