ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანი ფინეთსა და შვედეთზე: სიტყვები არ გვინდა, შედეგები გვინდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მადრიდში, NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე, კიდევ ერთხელ შეეხო ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას. ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან შედეგებს ელის. 

"გავმართავთ ოთხმხრივ შეხვედრას და ვნახავთ რა პოზიციამდე მივლენ. არ გვინდა სიტყვები, გვინდა შედეგები". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, ფინეთმა და შვედეთმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა აღელვებს თურქეთს უსაფრთხოების მხრივ.

"თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები". – თქვა ერდოღანმა.

ამას გარდა, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში ის აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. 

მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს ჩატარდება.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოთქვეს. იმისათვის, რომ ქვეყნები გაწევრიანდნენ, საჭიროა ალიანსის ყველა წევრის თანხმობა, რაზე უარს ამბობს თურქეთი. თურქეთი მიზეზად ასახელებს იმას, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ და აფინანსებენ ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიას (PKK).

კომენტარები