ევროკავშირი-საქართველო

ღარიბაშვილი: უკრაინა ომშია, ამიტომ აძლევენ სტატუსს, მოლდოვაც ომთან გათანაბრებულია

მე მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან, მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა ომშია, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მიზნით აძლევენ კანდიდატის სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია, არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი, რომ მათ მისცეს სტატუსი.

რაც შეეხება მოლდოვას, როგორც უკრაინა, მოლდოვაც ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც, რომ იტყვიან ომთან გათანაბრევულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე საზელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ, როგორც ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი.

დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, პრიორიტეტები ჩვენ შემთხვევაში გამოკვეთეს და პირველი პრიორიტეტი და რეკომენდაცია მათი არის პოლარიზაციის დასრულება. იმედია ნახეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და მედიამ, როგორი სურვილი აქვთ ჩვენ ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ევროკომისიას ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. ერთი განსხვავება, რომ უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ჯერ ავანსად, როგორც წამახალისებელ მოტივატორად, ბონუსად აძლევენ ამ სტატუსს იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, იმსახურებთ პერსპექტივას გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროკომისია ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, ანუ პირიქითაა ჩვენ შემთხვევაში, რაც გულდასაწყვეტია.

აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შეწირეს ევროატლანტიკურ იდეას, მაშინ არავის გახსენებია ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცების გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი [...] ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არაა დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო? პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა რადგან ომშია.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები