რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ რუსი დეპუტატის ქონება პირველად დააყადაღა

გერმანიის პროკურატურის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუს პარლამენტარსა და მის ცოლს სამი კერძო ბინა ჩამოართვა და საბანკო ანგარიში გაუყინა

"როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს პირველი შემთხვევაა გერმანიაში, როდესაც სანქციების შედეგად აქტივები არა მარტო გაყინეს, არამედ უძრავი ქონება დააყადაღეს". - აღნიშნა უფროსმა პროკურორმა, ენ დენინგმა.

ჩამორთმეულ საკუთრებაში მცხოვრებ დამქირავებლები ბინებში დარჩენის უფლებას ინარჩუნებენ, მაგრამ ახლა ქირის გადახდა პირდაპირ მიუნხენის რაიონულ სასამართლოში მოუწევთ.

სანქცირებული პირი, რომელსაც პროკურატურა L.-დ მოიხსენიებს, დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწოდებას, ეღიარებინათ  ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხარი დაუჭირა. დეპუტატი L 23 თებერვლიდან არის ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში. 

მანამდე, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდერმა აღნიშნა, რომ რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, მათ შორის ცენტრალური ბანკის დეპოზიტებს, კომპანიებში, გემებსა და იახტებში წილებს, გაყინულია.

უკრაინის ომის პასუხად, ევროკავშირმა, ამერიკასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად, რუსულ ბიზნესებს, ბანკებს, მწარმოებლებსა და ინდივიდუალურ პირებს სანქციები დაუწესა. რუსი ოლიგარქები და კანონმდებლები სანქციების მთავარი სამიზნეები იყვნენ იმ იმედით, რომ საზღვარგარეთ დაკარგული პრივილეგიის გამო ისინი კრემლზე ზეწოლას გააძლიერებდნენ.

კომენტარები