რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: რუსეთის იაფ ნავთობზე დამოკიდებული ევროპული ქარხნების ნაწილი იხურება

KRISZTIAN BOCSI/BLOOMBERG NEWS

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპული ქარხნების ნაწილი იხურება. მწარმოებლები ვერ უძლებენ იმ ქარხნებთან კონკურენციას, რომლებიც მუშაობენ აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში, სადაც ნავთობის ხარჯები გაცილებით დაბალია. 

რუსეთის სამთავრობო კომპანიამ გაზპრომმა ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება, რადგან მათ უარი თქვეს კრემლისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.

გასული წლის მონაცემებით, რუსეთი ევროკავშირს მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის 40%-ს აწვდიდა.

WSJ-ის ცნობით, ევროპის გაზრდილი ენერგო ხარჯები, სავარაუდოდ, რეგიონის ინდუსტრიულ წარმოებას გაართულებს და მთლიან ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს. ევროკომისიის ეკონომისტების შეფასებით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში, ენერგიის მაღალი ფასების გამო შემცირდეს. გასათვალისწინებელია, რომ გერმანია, ერთი მხრივ, ევროპაში უდიდესი ეკონომიკის მქონეა, მეორე მხრივ, კი რუსული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მყიდველი.

თუ რუსეთი გერმანიისთვის გაზის მიწოდებას შეაჩერებს, ქვეყანა პრიორიტეტს მიანიჭებს საავადმყოფოებს, პოლიციისა და სამხედრო ყაზარმებს. თუმცა, მსხვილი ინდუსტრიული მწარმოებლები დაზარალდებიან და შედეგად, ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დადგება.

რუსული მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა საფრთხეს უქმნის ევროპის ინდუსტრიას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებ კონკურენტუნარიანად იქცეს. მწარმოებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ალტერნატიული ტექნოლოგიები წიაღისეული საწვავი მოხმარების შესამცირებლად, თუმცა ამ ალტერნატივებიდან ბევრს რამდენიმე წელი სჭირდება, რათა კომერციულად სიცოცხლისუნარიანად იქცეს. ასევე, ალტერნატიულ წარმოებაზე გადასვლა დამატებით მასობრივ ინვესტიციებს საჭიროებს.

მწარმოებლები ბუნებრივ აირზე დამოკიდებულები არიან, როგორც ენერგიის წყაროზე, ასევე წარმოების ნედლეულზე. როგორც წესი, ბუნებრივი აირი ადგენს ელექტროენერგიის ფასს. ხოლო, გაზის ფასის გაზრდა ორმაგად აზარალებს ქარხნებს. ევროპა ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს ნედლეულად იყენებს. ამიაკის უდიდესი ნაწილი კი სასუქის დასამზადებლად გამოიყენება.

"ამსტერდამში სასუქების მწარმოებელმა ქარხანამ OCI NV შეამცირა ამიაკის წარმოება თავის კომპანიაში და სანაცვლოდ ქიმიკატების იმპორტს ტეხასის, ეგვიპტისა და ალჟირის ქარხნებიდან ახორციელებს." - აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმედ ელ-ჰოშიმ.

სასუქების სხვა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ქარხნების დახურვა, რადგან ამიაკის იმპორტი საზღვარგარეთიდან ვერ შეძლეს. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სასუქების უმსხვილესმა მწარმოებელმა, CF Industries Holdings Inc.-მა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ქარხანას ხურავს, რომელმაც ამიაკის წარმოება გასული წლის შემდეგ ვერ შეძლო.

კომენტარები