რუსული პროპაგანდა

მარია ზახაროვა: ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას მის საზღვრებთან არსებულ ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესპიკერი, მარია ზახაროვა TASS-თან ინტერვიუში ლუგარის ცენტრის მუშაობასა და აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ საქმიანობაზე საუბრობს და აშშ-სგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. 

მისი თქმით, არსებობს "გონივრული კითხვები" პენტაგონის საერთაშორისო სამხედრო ბიოლოგიური აქტივობის რეალური მიზნების შესახებ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა რუსული მხარე რაიმე ზომებს პოსტსაბჭოთა სივრცის ბიოლაბორატორიებში აშშ-ს საქმიანობაზე კონტროლის გასაძლიერებლად, ზახაროვა პასუხობს, რომ უახლოეს მომავალში მექანიზმების ამოქმედება იგეგმება. 

"ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში გავააქტიუროთ მექანიზმები ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის V და VI მუხლების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციებს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონვენციის მიზნებთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე".- ამბობს ზახაროვა. 

კითხვაზე, ცნობილია თუ არა, ყოფილი სსრკს რომელ ქვეყნებში ატარებს ვაშინგტონი ბიოლოგიურ კვლევებს, ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიაზე ამახვილებს ყურადღებას:

" ლუგარში, სადაც მუდმივ რეჟიმში განლაგებულია აშშ-საქართველოს არმიის სამედიცინო კვლევის ადმინისტრაცია. რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ასევე ქართველმა ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე".- ამბობს მარია ხაზაროვა. 


ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა აქტიურად დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს აშშ-მ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, შექმნა ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელები, სადაც ბიო-ქიმიურ იარაღებზე მუშაობენ. აქტიური პროპაგანდა მოჰყვა რუსეთის მხრიდან მტკიცებას, თითქოს უკრაინაში შეჭრის დროს მათ ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია გაანადგურეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი. ამის შემდეგ, მისი მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი ბრალდება, თითქოს საქართველოში დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდებს ატარებდნენ.

ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული  ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის. მოსკოვი განსაკუთრებულ ყურადღებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს აქცევს.

რუსეთმა ჰიბრიდული ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები