რელიგიური თავისუფლება

საპატრიარქოს პრივილეგიები, 5 ივლისი, ფარული მოსმენები – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2021 წელს რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული კანონმდებლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. ამასთან, ანგარიშში საუბარია ფარული მოსმენების, 5 ივლისის ძალადობაში საეკლესიო პირების ჩართულობისა და ხელისუფლების მხრიდან რელიგიური ჯგუფების მიმართ შერჩევითი გადაწყვეტილებების შესახებ.

"სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა ფართო თვალთვალს – მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან.

მთავრობამ უარყო [ფარული მოსმენების] დოკუმენტების ნამდვილობა, როდესაც ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვა პირებმა დაადასტურეს მათი ნამდვილობა და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია ქვეყანაში რელიგიურ თავისუფლებაზე – დადასტურდა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვალყურს ადევნებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას". – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ მთავრობის პოლიტიკას პანდემიის პერიოდში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისთვის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისის დაშვების შესახებ.

"პარლამენტმა კვლავ ვერ შეასრულა სასამართლოს განკარგულება, რომ შეეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები, ან ეს შეღავათები გავრცელებულიყო სხვა რელიგიურ ჯგუფებზე". – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის ჰომოფობიურ ძალადობაში ულტრამემარჯვენე აქტორებთან ერთად ჩართული იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებიც. ამასთან, დეპარტამენტი ციტირებს რელიგიურ ლიდერებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმ ჯგუფებსა და თბილისის სინაგოგაზე, რათა გამოექვეყნებინათ განცხადებები Tbilisi Pride-ის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში სომხურ სამოციქულო, ევანგელურ-ლუთერანულ, კათოლიკურ ეკლესიებსა და მუსლიმ ჯგუფებს კვლავ აქვთ სირთულეები რელიგიური საკუთრების მთავრობისგან აღიარებს საკითხში. ამასთან, მუსლიმები კვლავ საუბრობენ მეჩეთების მშენებლობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალობის პრობლემაზე.

ანგარიში ასევე მოიცავს საკითხებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური თავისუფლების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროების ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს.

კომენტარები