რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: სევეროდონეცკის სწრაფი გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სევეროდონეცკის სწრაფად გათავისუფლების შესაძლებლობა აქვთ. 

"სევეროდონეცკი უძლებს და არსებობს სწრაფი გათავისუფლების ყველა შანსი. მცველები წარმატებით ატარებენ ლოკალურ ოპერაციებს, იყვანენ ტყვეებს, აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა ორკები ოლქის ცენტრიდან გააძევონ". – ამბობს გაიდაი.

როგორც გაიდაი ამბობს, უკრაინელ სამხედროებს უჭირავთ სევეროდონეცკის ერთი ნაწილი და დროგამოშვებით გარკვეულ ოპერაციებსაც ატარებენ, აჰყავთ ტყვეებიც.

"ისინი ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 20% რუხი ზონაა, როგორც ამას სამხედროები ეძახიან. თუმცა ჩვენს მცველებს პოზიციები უჭირავთ ქალაქის ერთ ნაწილში. მეტიც, მათ აქვთ საშუალება ჩაატარონ გარკვეული ოპერაციები, როდესაც ისინი ზოგიერთი ქუჩიდან მოწინააღმდეგეს აძევებენ. ზოგჯერ გამოსდით ტყვეების აყვანაც (მხოლოდ გუშინ, 6 ტყვე აიყვანეს). ამიტომ, ყველა სკეპტიკოსს მინდა ვუთხრა – სევეროდონეცკის ანგარიშიდან ჩამოწერა საჭირო არაა. ჯერ ადრეა. ქალაქი დგას". – ამბობს გაიდაი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს სევეროდონეცკს კადიროველები აკონტროლებენ.

გაიდაის არ დაუზუსტებია თუ რა სახის ოპერაციები მიმდინარეობს სევეროდონეცკში.

"ჩვენს მცველებს გამოსდით გარკვეული ლოკალური სამხედრო ოპერაციების ჩატარება, აღწევენ წარმატებას და ეს გვაძლევს შანსს, იმედს, რომ მომავალშიც ასე მოხდება. მეტიც, შესაძლოა, შეიცვალოს სიტუაცია თავად ქალაქში". – აღნიშნა გაიდაიმ. 

გასულ დღეს გაიდაიმ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებდნენ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები