მობილური ინტერნეტი

მობილურ ინტერნეტს საქართველოში 3.75 მილიონი აბონენტი იყენებს – კომუნიკაციების კომისია

Reuters

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონით მეტია.

2021 წელს ველაზე მეტი, 1.35 მლნ - მობილური ინტერნეტის აბონენტი სილქნეტს ჰყავდა, 1.34 მლნ - მაგთიკომს, ხოლო 1.06 მლნ აბონენტი ბილაინის მობილურ ინტერნეტს იყენებდა.  

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე, საქართველოში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიური ზრდა საშუალოდ 9.5% იყო, ხოლო წინა წელთან შედარებით  - 15%.

"2021 წელს მობილური ინტერნეტ-ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი - 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით არის გამოწვეული, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა.

2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს – 0.1% შეადგინა" - აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კომენტარები