რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა აშშ-ს იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინა იძლევა გარანტიას, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ იარაღს "რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ“ არ გამოიყენებს.

"იარაღის ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინას მივაწოდებთ, არის სწორედ ის, რაც სჭირდებათ და მომავალში, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს გააძლიერებს.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა მიიღო მეტი NATO, მეტი ჯარი და მეტი წევრი.

ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ჯერ მრავალთვიან კონფლიქტს ვუყურებთ." - თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ აშშ უკრაინა თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.

"გადავწყვიტე, უკრაინელები უზრუნველვყოთ უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და საბრძოლო მასალით, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინაში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან". – წერს ბაიდენი.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ზუსტად რა ტიპის სარაკეტო სისტემებს მიიღებს უკრაინა. 

ამას გარდა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით, ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით, დიდი სიმძლავრის არტილერიითა და დამიზნებათი სისტემებით, დრონებით, Mi-27-ის ტიპის ვერტმფრენებით, რადარებითა და ტყვია-წამლით დახმარებას.

გასულ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას არ მიაწვდიდნენ იარაღს, რომელიც მათ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის საშუალებას მისცემთ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები