ევროპული საქართველო

კანდელაკი: ივანიშვილის რეჟიმი ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერ აშშ-ს

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

"მთავარი, რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ, არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერ აშშ-ს".- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ივანიშვილის პროპაგანდისტს, ზაზა შათირიშვილს, რომელმაც თქვა, რომ "სრულიად აშკარაა, რომ ამერიკელებისთვის ივანიშვილი მოუღებელია". 

კანდელაკი აღნიშნავს, რომ ზაზა შათირიშვილი ცნობილია ივანიშვილის გულის ნადების გახმოვანებით. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია ქართული ოცნების დღევანდელი რეჟიმის არსის. 

"მან განცხადებაში თქვა, რომ ამერიკას საციცოხლოდ სჭირდება საქართველოში ომი რუსეთის დასამარცხებლად. ამ განცხადებას უფრო შორს მიჰყავს ამერიკის, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე რამდენიმე კვირაა ახორციელებენ ქართული ოცნების სპიკერები და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართული ოცნება ახმოვანებს რუსული პროპაგანდის მთავარ სათქმელს, მთავარ ტყუილსა და შხამს, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არის არა რუსეთის ბრალი არამედ უკრაინის ბრალი, ცივილიზებული სამყაროს ბრალი. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაციას, კიდევ ერთი ნათელი წარმოჩინება ქართული ოცნების დღევანდელი რეჟიმის არსისა და შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მთავარი რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ და სამშვიდობოს გასვლისკენ არის ამ რეჟიმის არსი და რაობა, რომელიც ახლა უკვე ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს".- ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ივანიშვილის პროპაგანდისტი ვრცელ პოსტში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, ოპოზიციასა და ქვეყნის "ომში ჩათრევის" მცდელობებზე საუბრობს. 

"სრულიად აშკარაა, რომ ქართული ოცნება ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ადამიანის ბუნებაა, რომ გერს ყოველთვის საკუთარი შვილი ურჩევნია. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან. ეს არის მათი აგენტურა, ახალი ქართველი ღამურები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოზარდეს და რომლებსაც ნებისმიერ არაპატრიოტულ ნაბიჯზე მოაწერინებენ ხელს. სწორედ ამიტომაა, რომ ამდენი წელია ამერიკელები ხელისუფლებას არ დახმარებიან. საქართველოს ვითომ წელიწადში 100 მილიონ დოლარს აძლევენ და იმასაც თითქმის მთლიანად საკუთარ ენჯეოებს ახარჯავენ".- წერს შათირიშილი, რომელსაც სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს. 

კომენტარები