რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს

ალექსანდრ ლუკაშენკო ზაპად 2017-ის წვრთნებზე
სერგეი გაპონი/AFP

ბელარუსში, გომელის ოლქში, რომელიც უკრაინასა და რუსეთს ესაზღვრება, სამხედრო წვრთნები გაიმართება

წვრთნების ჩატარება 22 ივნისიდან 1 ივლისამდე არის დაგეგმილი, ამის შესახებ გომელის სამხედრო კომისარმა, ანდრეი კრივონოსოვმა ისაუბრა. ბელარუსული მედიის ცნობით, საუბარია გეგმიურ სამობილიზაციო სწავლებებზე, რომლებშიც ჩართული იქნებიან რეგიონში დისლოცირებული სამხედრო კომისარიატები და შეიარაღებული ძალების ორგანოები. 

როგორც ბელარუსული მედია წერს, ასეთი სახის ღონისძიებები ტარდება სამხედრო კომისარიატების საბრძოლო დონისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ასამაღლებლად, სამხედრო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად. 

კრივონოსოვის თქმით, გომელის პოლიგონებზე გაიმართება საცეცხლე მომზადებები. 

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროს, კიევის მიმართულებით დაწყებულ იერიშისთვის, ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა. 24 თებერვლამდე რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა, რომელთა დამთავრების შემდეგაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორია არ დატოვეს.

კომენტარები