ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია მოსამართლეებზე: რეჟიმმა თავი დაპირისპირებაში ჩაიყენა, პოლიტიკურად განადგურდებიან

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

"რეჟიმმა თავი დაპირისპირებაში ჩაიყენა, ეს გარდაუვლად დასრულდება მათუ პოლიტიკური განადგურებით". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან მოხსნას. ტაბულას ინფორმაციით, 5 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძესთან ერთად იყო პროგრამაში, აშშ-ში ტრენინგზე ასევე არ გაემგზავრება. 

"აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ კობახიძემ ეს საპარლამენტო სხდომაზე დაანონსა, წინასწარ თქვა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ეს ხდებოდა. მთავარია, თუ სადამდე მივიდა საქმე - დღეს საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ჩვენ გვინდა დაბრუნება. 

რაზე უცხადებს პროტესტს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული არ დაიხარჯოს ქვეყნის განვითარებაზე, ანუ, მათ წვრთნაზე? მე კი ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცაღა შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ეხმარებოდა და მივედით ლოგიკურ ზღვრამდე, საიდანაც იწყება დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან. ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი არ არის კატასტროფა -  იქამდე მივიდა საქართველო, რომ ასეთ დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მომავლისა და კეთილდღეობის დასაცავად". - ამბობს ბოკერია. 

მისივე სიტყვებით, აშშ-ს მიერ დაკავებული პოზიცია მოულოდნელი არ არის, რადგან მიუხედავად ქართული საზოგადოების მიმართ დასავლელი პარტნიორის კეთილი ნებისა, ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნება "ყველა ზღვარს გადავიდა". 

"ივანიშვილის რეჟიმისთვის ნორმალური ვითარებაა დაპირისპირება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჩემი აზრით, არცერთ მოსამართლეს, რომელიც მანდ არის ან მათ 99%-ს ისედაც არც ეკუთვნის ცივილიზებულ სამყაროში გავლაც კი. თუმცა ისინი [აშშ] ქვეყანას ეხმარებიან. მაგრამ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელმაც იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ასეთ დაპირისპირებაში ჩაიყენა თავი და ეს გარდაუვალად დამთავრდება მათი პოლიტიკურად განადგურებით, ოღონდ ამასობაში ქვეყანას უმძიმეს დარტყმას აყენებენ". - ამბობს ბოკერია. 

ინფორმაცია, რომ ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად პროგრამაში მყოფი 5 მოსამართლე აშშ-ში ტრენინგზე არ გაემზავრება, დღეს, 28 მაისს გახდა ცნობილი. 24 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თქვა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

"ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.

საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა". - თქვა მან.  

მას შემდეგ, რაც ჩხიკვაძემ გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელცოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". 

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან". - ასე უპასუხა საელჩომ ქართული ოცმების თავმჯდომარეს. 

კომენტარები