ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევა დანაშაული გახდეს – ევროკომისიის ინიციატივა

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანაშაულად ჩაითვალოს. ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს, აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.

ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში. 

"ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა". - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონების ღირებულება 10 მილიარდ ევროს აღწევს, რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დაყადაღებული აქტივების ღირებულება 20 მილიარდზე ევროზე მეტია. თუმცა, ვიდრე ზემოხსენებული ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება და გაიყიდება, ოლიგარქებს ბრალი უნდა წაუყენონ ან სანქციებისთვის თავის არიდებაში, ან სხვა დანაშაულში. აქტივები კი უშუალო კავშირში უნდა იყოს იმ დანაშაულთან, რომელშიც მათ ბრალს წარუდგენენ.

ევროკომისიის ახალი საკონონმდებლო ინიციატივა ჯერ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობამ, შემდეგ კი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ინიციატივა იმ პირების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს, რომლებიც სანქციების დარღვევას ხელს უწყობენ, მაგალითად, ბრალდებულების ადვოკატებისა და ბანკირების.

ამასთან, ევროკომისია კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, რომლის შედეგადაც კრიმინალებისთვის აქტივების კონფისკაცია ზოგადად გამარტივდება. შეთავაზების მიხედვით, შესაძლებელი გახდება ბრალდებულთა ქონებისა და აქტივების სასამართლოს განჩინების გამოცემამდე დაყადაღება, შედეგად, დამნაშავეები ქონების სხვა ქვეყანაში გადატანას ვერ შეძლებენ.

კომენტარები