მე-10 მოწვევის პარლამენტი

ქართულმა ოცნებამ და ენმ-მ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

დღეს, 24 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შეთანხმებით, 81 ხმით მიიღო.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიციირებული პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს აღნიშნული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს დაიკავებდა.

აღნიშნული წესი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არჩეულ მერებზე ვრცელდებოდა.

ენმ ითხოვდა, რომ ცვლილებები პროპორციული სიით არჩეული წევრის მონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზეც გავრცელებულიყო. 

ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ბათუმის საკრებულოზე მორგებულად მიიჩნეოდა, რადგან რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო ვერ ცნეს. თუმცა, პრობლემურად რჩებოდა სენაკის საკრებულო, რომელიც ქართული ოცნების ბოიკოტის გამო ვერ იკრიბება. ოპოზიციისა და პოზიციის ხმები თანაბარია - 16-16, სხდომისთვის კი 17 წევრია საჭირო. პარტია საქართველოსთვის პროპორციული სიით არჩეულმა კანდიდატმა, ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა. ენმ-ს მოთხოვნის გათვალისწინებით, ილია ახალაიას ადგილმონაცვლე დამტკიცდება, შესაბამისად, საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ჯამური რაოდენობა - 17 გახდება. 

საბოლოოდ, ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე  სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრი და პროპორციული სიით გამოკლებული წევრის მონაცვლეც შეძლებდა.

კომენტარები