სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: ჩრდილოეთ კორეასთან დაშოშმინების პოლიტიკა დავასრულეთ

CNN

სამხრეთ კორეის კონსერვატორმა ლიდერმა, იუნ სოკ იოლმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეასთან დაშოშმინების პოლიტიკა დაასრულა. მისი თქმით, ნებისმიერი სახის დიალოგი ფხენიანსა და სეულს შორის კიმ ჩენ ინის მიერ უნდა იქნას ინიციირებული

საპრეზიდენტო სასახლიდან იუნ სოკ იოლმა, რომელიც პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ გახდა, CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხონ. გასათვალისწინებელია, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წელს 15-მდე რაკეტა გამოცადა, რაც გასული ორი წლის საერთო რაოდენობაზე მეტია. 

"ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებიდან ან კონფლიქტებიდან დროებით თავის დაღწევა არ არის ის, რაც ჩვენ უნდა გვსურდეს. ამ მიდგომას ვცდიდით 5 წელი, შედეგად ვნახეთ, რომ  არ მუშაობს". - თქვა იუნ სოკ იოლმა. 

სამხრეთ კორეის წინა ადმინისტრაციის მთავარი გზავნილი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები და მშვიდობიანი შერიგება იყო. მაშინ, როცა იუნ სოკ იოლს ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა აქვს და, ამასთანავე, სამხრეთ კორეის ჯარის გაძლიერება სურს.

"არ მჯერა, რომ [ჩრდილოეთ კორეის] ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება". - თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

იუნ სუკ იოლი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს

კომენტარები