რუსული ოკუპაცია

მეუფე ზენონი: 1992-93-ში იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

ზოგიერთები (მათ შორის ისინი, რომლებსაც ლიდერობის ამბიცია აქვთ და მათ შორის სასულიერო პირები), ლაპარაკობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებულ ომებზე და თავს არიდებენ მკაფიოდ განაცხადონ, რომ: ეს იყო არა საქართველოს ომი აფხაზეთთან 1992-1993 წლებში, არა საქართველოს ომი ცხინვალის რეგიონთან 2008 წელს, არამედ რუსეთ-საქართველოს ომები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რომ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და მან მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. რომ რუსეთმა მოახდინა პროვოცირება ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ აფხაზები და ქართველები, ოსები და ქართველები. რომ რუსეთის სახელმწიფოსთან ერთად, რუსეთის ეკლესიასაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. ბევრმა ჩვენთაგანმა დაკარგა ამ ომებში ნათესავები, ოჯახის წევრები. მრავალი ეროვნული გმირი ჰყავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდე მებრძოლი და ომს შეწირული. ისინი,სამამულო ომის გმირები არიან და არა სამოქალაქო ომის მებრძოლები. თუ არ ჰყოფნით გამბედაობა, ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, რათა მკაფიოდ განაცხადონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, მაშინ საერთოდ ნურაფერს იტყვიან. ქართული ანდაზა და გამონათქვამია მარტივი და მრავლისმთქმელი :

მოშიშარს ვისი შიშიც აქვს, ის უძლეველი ჰგონია.

თუ გსურს გლოცავდეს უფალი, მტერს არ დაუთმო გუთანი!

წერს დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

კომენტარები