რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას ომის მხარდამჭერებისთვის აქტივების ჩამორთმევა შეეძლება

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, ომის მხარდამჭერებს აქტივები ჩამოართვას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონი ადგენს სანქციების ახალ ტიპს ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი აქტივების სახელმწიფო შემოსავლებად გარდაქმნის შესახებ. კანონი შეეხება იმ აქტივებსაც, რომელთა განკარგვაც სანქცირებულ პირს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად.

"იმ სანქცირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ ოკუპანტების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, საშუალებას მოგვცემს სწრაფად და ეფექტიანად შეივსოს უკრაინის ბიუჯეტი მტრების ხარჯზე. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს პროცესზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის". – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.  პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები