NATO-რუსეთი

ლავროვი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: სხვაობა უკვე აღარაა

სერგეი ლავროვი
AP

შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოეხმაურა. მისი თქმით, განსხვავება აღარ არსებობს ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იქნებიან თუ არა. 

"ფინეთიც, შვედეთიც და სხვა ნეიტრალური ქვეყნები უკვე მრავალი წელია NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მათ ტერიტორიას NATO აღმოსავლეთი დაწინაურების სამხედრო დაგეგმვაში ითვალისწინებს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, დიდი სხვაობა არ არის". – თქვა ლავროვმა. 

ასევე, ლავროვმა დაამატა, რომ რუსეთი ფინეთისა და შვედეთის მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვის აუცილებლობას ვერ ხედავს და მისი აზრით, მათი NATO-ში შესვლა აშშ-ს ლობირებით ხდება და არის გეოპოლიტიკური სვლა, რომელიც რუსეთის შესაკავებლად სჭირდებათ. 

"სხვათა შრის, ფინეთის პრეზიდენტი და ელჩები ყველგან ამბობენ, რომ ფინეთი რუსეთის ფედერაციისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს, ამიტომაც NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ ევროპაში უსაფრთხოევის სიტუაციის ცვლილებით არის განპირობებული. ამაში არანაირი ლოგიკა არაა. თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საფრთეს ვერ ხედავ, ხოლო უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია, როგორც NATO ამტიკიცებს, იცვლება, "რადგან რუსეთი აგრესიულია", მაშინ ასე საუბარი არაა სწორი". – თქვა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი დააკვირდება თუ როგორ გამოიყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიას და ამის საფუძველზე "დასკვნებს გამოიტანს".

როგორც გასულ დღეს, 16 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა,  ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლით "რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე არ იქმნება".

"თუმცა ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას და როგორი იქნება ის, განპირობებული იქნება იმ საფრთხეებით, რომლებიც შეგვექმნება". – დაამატა პუტინმა. 

შვედეთსა და ფინეთში NATO-ში გაწევრიანებაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გასულ დღეებში ორივე ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ფორმალურად მოითხოვონ.

კომენტარები