რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: ხარკოვის ოლქში ოკუპანტები სახელმწიფო საზღვრამდე უკუვაქციეთ

კადრი უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან

უკრიანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრამდე უკუაქცია.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა რუსები ქ. ხარკოვიდან უკუაქცია და გავიდა სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე". – ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. 

ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნდა უკრაინელი სამხედროების მიერ სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელ ბოძთან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ.

"მოვედით ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ. აი, ჩვენთან ერთად არის მესაზღვრე... ბატონო პრეზიდენტო, მოვედით". – მიმართავს ერთ-ერთი სამხედრო ზელენსკის.

როგორც უკრაინული მედია, Українська правда აღნიშნავს, სამხედროები ვიდეოჩანაწერის გადაღების თარიღს არასწორად ასახელებენ და 15 მაისის ნაცვლად 15 აპრილს ამბობენ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები