რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: ვნახეთ ნიშნები, რომ უკრაინელები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში მიჰყავთ

პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი
Reuters

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, შეიმჩნევა ნიშნები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაჰყავთ

"ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ნიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში გადაჰყავთ. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტს". - თქვა კირბიმ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის მთავრობის მონაცემით, 1.2 მილიონი უკრაინელი რუსეთის ტერიტორიაზე, საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს. 

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს უკრაინელი ერის ეთნიკური წმენდის მცდელობა, კირბი ამბობს, რომ ამის შეფასება პენტაგონის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასამტკიცებელი არაერთი ფაქტი უკვე სახეზეა.

"როდესაც ფიქრობ, რომ რუსეთი ამაზე მეტად ვეღარ დაეცემა, ისინი ყოველთვის ამტკიცებენ, რომ შენი დაშვება მცდარია". - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები