რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალზე, დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის დროშა ფრიალებს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანრიუშჩენკომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დაბომბვების მიუხედავად, აზოვსტალის ქარხანაზე უკრაინის დროშაა აღმართული. გამოქვეყნებულ ვიდეოში აფეთქებების ხმა ისმის.

"მარიუპოლი. აზოვსტალი დღეს, 2022 წლის 9 მაისი. წინააღმდეგობის 75-ე დღე. ურყევი და უძლეველი...  ქედს ვუხრით მარიუპოლის ყველა ჩვენს დამცველს. არ არსებობს სინონიმები თქვენი გამბედაობისა. ყველანი თქვენი მოვალენი ვართ". - წერს მერის მრჩეველი. 

გუშინ, 8 მაისს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ, რომ რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. მანამდე, 7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები