9 მაისი

"არ ვეთანხმები აგრესორის დღესასწაულს" – პოლონეთმა რუსეთის საელჩოს მსვლელობაზე უარი უთხრა

რუსეთის საელჩოს 9 მაისის აღნიშვნა ვარშავაში "უკვდავი პოლკის მსვლელობით" სურდა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება სთხოვა. ამაზე, ვარშავის მერმა რაფალ ტშაშკოვსკიმ, რომელიც პოლონეთის ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციაშია, წერილით მიმართა საგარეო უწყებას და აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოს ნებისმიერ ღონისძიებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"არცერთი პოლონური საჯარო დაწესებულება არ უნდა დაეხმაროს ამ ინიციატივას. მეტიც, უნდა აიკრძალოს. მე არ ვეთანხმები ვარშავაში აგრესორის დღესასწაულს" - ნათქვამია ვარშავის მერის წერილში. 

საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ უკვე გასცეს უარყოფითი დასკვნა მსვლელობის ჩატარებაზე და ამის შესახებ აუწყეს რუსეთის საელჩოს.

ამის შემდეგ, პოლონეთში რუსეთის საელჩომ "ღრმა მწუხარებით" განაცხადა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე "გვირგვინების მიტანის მსვლელობა არ ურჩია". საელჩოს თქმით, მათ უთხრეს, რომ ღონისძიება ეწინააღმდეგება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსს.

"ასახელებენ საჯარო წაქეზებას, აგრესიულ ომს, ფაშისტურ ან სხვა ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას. და ეს ეხება ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღნიშვნას, რომლის წყალობითაც დღეს პოლონური სახელმწიფო არსებობს" - აცხადებს რუსეთის საელჩო და აღნიშნავს, რომ "აბსურდია გამარჯვების დღის ტრადიციული აღნიშვნის ამგვარი ინტერპრეტაცია".

"თუმცა, არსებულ ვითარებაში არ გვაქვს იმედი, რომ პოლონეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს სათანადო საზოგადოებრივ წესრიგს. ამიტომ, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, უარი თქვას გვირგვინების და ყვავილების ცერემონიალსა და უკვდავი პოლკის ტრადიციულ მსვლელობაზე" - აცხადებს რუსეთის საელჩო.


9 მაისს საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე გვირგვინი მხოლოდ რუსეთის ელჩმა და მისმა თანამშრომლებმა მიიტანეს, თუმცა, იქ უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტები დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. სერგეი ანდრეევს დემონსტრანტებმა წითელი საღებავი შეასხეს. 

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია გაჭირვებით და პოლიციის დახმარებით დატოვა. 

კომენტარები