დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ერევანში ოპოზიციამ "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" აქციები დაიწყო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის  მოთხოვნით ოპოზიციამ "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" აქციები დაიწყო. დღეს, 2 მაისის დილიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფებმა ერევნის ქუჩების გადაკეტეს.

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო აქციის 125-მდე მონაწილეა დაკავებული

ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა ფაშინიანი მთელი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმის შედგენაში დაადანაშაულეს. სომხეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ თვეს ფაშინიანმა თქვა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით".

პირველ მაისს ოპოზიციის მხარდამჭერებმა ქალაქის ცენტრში, საფრანგეთის მოედანი გადაკეტეს და კარვები დადგეს. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა მოედანზე ღამე გაათენეს. ეროვნული ანსამბლის სპიკერის, ოპოზიციის ლიდერის, იშხან საღათელიანის ცნობით, 14 ქუჩა უკვე გადაკეტილია.

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები