დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთში ოპოზიცია აქციებს მართავს და მთავრობას აფრთხილებს, არ დათმონ ყარაბაღი

RFE/RL

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და აფრთხილებს მთავრობას, რომ არ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღი არ დათმონ. 1 მაისს გამართულ აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ამასთან, აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა ფაშინიანი მთელი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმის შედგენაში დაადანაშაულეს. სომხეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ თვეს ფაშინიანმა თქვა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით".

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები