მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მელია: ზურაბიშვილი არაადამიანურ განცხადებებს აკეთებს, მის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ

ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და ამას დარწმუნებული ვარ, მიხვდება.

არც ადამიანური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს შესაძლებლობა, ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ვდგავართ.

თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება, არავინ იცის. ამ დროს ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ ნაციონალური მოძრაობა და საზოგადოების მთელი საღი ნაწილი.

თუკი ვინმე ამ განცხადებებით და ნაბიჯებით დაზიანდება, ეს თავად ზურაბიშვილი იქნება, რომელმაც პრეზიდენტობის პერიოდში ვერ დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ვერც ერთი ნაბიჯით, რომელიც წაადგებოდა ქვეყნის მომავალს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ. პრეზიდენტმა Foreign Policy-ს უთხრა, რომ "სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მუდმივი პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან ალბათ, უმრავლესობა ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია". ის ასევე არ ფიქრობს, რომ "სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია". ზურაბიშვილმა იქვე აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად დაუსვეს სერიოზული დაავადების დიაგნოზი, "ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად".

კომენტარები