საქართველოს პრეზიდენტი

ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა და პელოსიმ რეგიონში არსებული ვითარება და ომი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.  

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ნენსი პელოსი პირადად მოიწვია თბილისში, მაისში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც, მისი ინიციატივით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გრძელდება ადამიანთა გატაცებები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე და უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გაკეთებულ განაცხადზე". - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. 

კომენტარები