ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

"ველოდები უფრო მეტ სიცხადეს" – ჰარცელი ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერზე

EU Delegation Georgia

"ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ" – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გავრცელებული ჩანაწერის შესახებ კითხვას, რომელიც, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს ასახავდეს.

"ვიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს. ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს; მოვერიდები სპეკულაციებს ამ შედეგების შესახებ, რადგან ეს არის მიმდინარე ამბავი. ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ". – თქვა ჰარცელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უარყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზდენოვის შეხვედრა. მისი თქმით, იგი ბიზნესწრეებთან გადაამისამართეს.

კომენტარები