მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მელია: სააკაშვილი იბრძვის სიცოცხლისთვის, პარტნიორებმა გადადგან ძალიან აქტიური ნაბიჯები

ტაბულა

"არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ, როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი, არ გვაქვს და ვერ გვექნება".

ნიკა მელიას შეფასებით, "ასე ინება განგებამ" და დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და საქართველოს ევროპული, დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მან მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან "ძალიან აქტიური ნაბიჯები" და ჰქონდეთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და პრეზიდენტთან.

"საქართველოს ხელისუფლება ერთი ხელით, ერთის მხრივ გვეუბნება, რომ მისი არჩევანი არის ევროატლანტიკური და თითქოს ავსებს ევროკავშირის კითხვარს, ხოლო მეორე ხელით და მეორეს მხრივ, მთელი მსოფლიოს თვალწინ, პირდაპირ ეთერში წამებით კლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რითაც განგებ და განზრახ ძირს უთხრის თავშივე იმ ფუნდამენტურ პრინციეპებს, რომელსაც ეფუძნება დასავლური ღირებულებები.

მინდა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს მივმართო, რომ გადადგან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის ევროპული და დასავლური მისწრაფება არ დარჩეს მისწრაფებად და იქცეს რეალობად.

ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარგანზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ, ანადგურებს ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს.

მინდა ვთხოვო პარტნიორებს, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად, რომ ქვეყანა არ აცდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ჩვენს გეზს.

რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს ბევრს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარანტია უდრის, დიახაც, ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს. მე მინდა, იცოდეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, მით უფრო იმ კონტექსტში, იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას სიკეთის მხარეს და ებრძვის ბოროტებას რუსეთის სახით. ამ დროს ჩვენ კიდევ ერთ მტკიცებულებას ვიღებთ, მთელი ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური მრწამისა და შეხედულებებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი არ თაკილობს და "სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს".

"დიახაც, ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და იმედი გვაქვს უახლოეს, ხაზს ვუსვამ, უახლოეს პერიოდში იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება აქტიურობა ჩვენი ქვეყნის და ღირსების დასაცავად და იქ უნდა დავდგეთ ყველა ერთად და არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხმარდამჭერები და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, იმიტომ, როომ მომავალი, რისთვისაც თაობებმა დადეს სიცოცხლე, არ ეკუთვნის მხოლოდ ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიებს" - ამბობს ნიკა მელია.

კომენტარები