რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: სანქციები რუსეთში მიმავალ ათასობით ძვირადღირებულ მანქანას აჩერებს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ბელგიაში დაახლოებით 8000 ძვირადღირებული მანქანა, რომლებიც განკუთვნილია რუსეთისთვის, გაჩერებულია Zeebrugge-ს პორტში, რადგან ბელგიის ხელისუფლება სანქციების ბერკეტებში გარკვევას ცდილობს.

ძვირადღირებული მანქანები, მათ შორის Lexus-ის , Cadillac-ისა და Mercedes-ის უახლესი მოდელები აზიიდან ევროპაში აპრილის პირველ კვირაში ჩავიდა. თუმცა, სანქციების ფარგლებში, $54 000-ზე მეტი ღირებულების ფუფუნების საგნების ევროპიდან რუსეთში ექსპორტი აკრძალულია. ევროპის ძირითად პორტებში დაგროვებული მანქანები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ინტერპრეტაციასა და აღსრულებაში დაბნეულობის ერთ-ერთი მაგალითია, წერს The Wall Street Journal-ი.

"მანქანები ფუფუნების აკრძალვის ქვეშ მოექცა, მაგრამ, მათ გარდა, არის მთელი რიგი სხვა პროდუქტებისა, რომლებიც სხვადასხვა სანქციას ექვემდებარება.

მანქანები დიდი ხნის განმავლობაში არ იმოძრავებენ, რადგან სავარაუდოდ, ისინი სხვადასხვა ბაზარზე გაიყიდება". - თქვა მარკ ადრიანსენსმა, პორტის საავტომობილო ტერმინალის დირექტორმა. 

Zeebrugge ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სატრანსპორტო პორტია, რომელიც წელიწადში ორ მილიონზე მეტ მანქანას ატარებს. თუმცა, მანქანების გარდა, სანქციები ვრცელდება მთელ რიგ პროდუქტებზე, მათ შორის თვითმფრინავის ნაწილები, მანქანები, ქიმიკატები და ნახევარგამტარები. 

Zeebrugge-ს პორტის განცხადებით, 1000-ზე მეტი რუსული დანიშნულების კონტეინერი შემოწმებების გამო დაბლოკილია.

ევროპის საზღვაო პორტების ორგანიზაციის (ESPO) გენერალური მდივნის, იზაბელ რიკბოსტის თქმით, მომარაგების ჯაჭვი უკვე მასიურად დარღვეულია და შეფერხებები იმის შესამოწმებლად, თუ რომელი გემი და რა პროდუქტია აკრძალული, პორტებზე დატვირთვას ზრდის. 

ასევე, The Wall Street Journal-ის თქმით, ევროპელი საბაჟო ოფიცრები საუბრობენ განსხვავებულ პრობლემაზე. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები აკრძალულია ევროპისა და აშშ-ის პორტებში, გადაზიდვა სხვა დროშების ქვეშ გრძელდება, რომლებიც ფორმალურად რუსეთის ფარგლებს გარეთაა რეგისტრირებული. 

ESPO-მ ევროკავშირს მეტი პერსონალისა და რესურსის გამოყოფისკენ მოუწოდა, რათა ზუსტად დადგინდეს რომელ გემებსა და ტვირთებს ეხებათ აკრძალვა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა წესების დაცვისთვის გარკვეული მითითებები გამოსცა, თუმცა პორტის ოპერატორების თქმით, წესები ხშირად დამაბნეველია და უამრავ გამონაკლისს მოიცავს. 

მართალია, რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი არ არის აკრძალული, მაგრამ ტანკერების მფლობელები ამბობენ, რომ სანქციების გამო, ისინი ძირითადად თავს არიდებენ ნედლი ნავთობის მოზიდვას შავ და ბალტიის ზღვებში. 

The Wall Street Journal-ი წერს, რომ გემთმფლობელებს, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტების გათვალისწინებით რუსული ნავთობისა და გაზის გადამზიდველები არიან, ევროპაში ენერგორესურსების დეფიციტის გამო, ტვირთის მხოლოდ ევროპის პორტში განთავსების უფლება აქვთ.

ნავთობით მოვაჭრეები და სატვირთო გადამზიდველები ვარაუდობენ, რომ სულ მცირე 200 ტანკერი სანქციების საშიშროების ფონზე უმოქმედოა, მაგრამ, იმის გამო, რომ რუსეთი მომხმარებლებს ნედლ ნავთობზე შეღავათიან ფასს სთავაზობს, ზოგიერთი ტანკერი რისკავს და შავ ზღვაში გადის. 

"თუ თქვენ გარისკავთ, რომ თქვენი გემი $30 000-ის ნაცვლად დღეში $200 000-ზე მეტს გამოიმუშავებს შავ ზღვაში გასვლისას, ასეთი შემთხვევები არათუ შემცირდება, არამედ პირიქით, უფრო გახშირდება". - ამბობს სინგაპურელი ნავთობმოვაჭრე. 

The Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, რომ გადამზიდველებისთვის მოგების რისკი დაკისრებულ ჯარიმებს სცილდება. ნავთობის, გაზისა და მარცვლეულის გარდა, გემები ასევე  რუსეთიდან ევროპაში ფოლადის, სპილენძის, ალუმინის და ნიკელის ტვირთების იმპორტისთვის გამოიყენება. საზღვაო ევროკავშირის ექსპორტი რუსეთში კი, ტექნოლოგიურ დეტალებს, ქაღალდსა და ტანსაცმელს მოიცავს. 

"მანქანები პრობლემაა, მაგრამ მანამ, სანამ გაზი მოგვეწოდება, ვფიქრობ, Zeebrugge კარგად იქნება. მაგრამ, თუ ეს ტვირთები რუსეთიდან შეჩერდება, პორტს ფუნქციონირება გაუჭირდება". - თქვა მარკ ადრიანსენსმა

კომენტარები