კრიმინალი

ჭავჭავაძეზე ავტობუსში მგზავრის დაჭრის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

ტაბულა/ანნა ქართლელიშვილი

ჭავჭავაძეზე ავტობუსში მგზავრის დაჭრის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში 21 აპრილს, საღამოს მოხდა. თვითმხილვლების ინფორმაციით, მგზავრმა მგზავრი დაჭრა. მათივე ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ადამიანი, რომელმაც დაჭრა, ავტობუსში ამოვიდა და ჩანთაში თუ ჯიბეში რაღაცას ეძებდა. მოზარდს უხეშად დაეჯახა. ბარათის მისადების უკან რომ 2 სკამია, ამაღლებულ ადგილზე, მანდ იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უთხრა, რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო. ამ კაცმა ბოდიში მოუხადა, უთხრა, რომ ვეღარ დაინახა, მაგრამ ეს ახალგაზრდა აღარ გაჩერდა და ეუბნებოდა, როგორ არ იხედებიო. დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა [შელაპარაკება] ეს კაცი გაღიზიანებული იყო, ჩემი ასაკის ადამიანს ასე როგორ მელაპარაკებაო, დაბლა ჩავიდეთ, 4-ჯერ ნასამართლევი ვარ, 65 წლისო. შავები ეცვა, სიმაღლე, დაახლოებით, 1.80-ია, ეკეთა მხედველობის სათვალე და ჰქონდა რუგზაკი, ეცვა ჯინსები და შავი ქურთუკი. 

სროლის ხმა გავიგე, ერთხელ ისროლა, შემდეგ 5 წამში იყო მეორე გასროლა, იარაღი დავინახე, მარცხენა ხელში ეჭირა. მძღოლა გააჩერა და ჩვენ ყველა ჩამოვედით. უკან რომ მოვბრუნდით, დავინახე, ეს კაცი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა და ნუ გეშინიათ, ბავშვებოო, თქვა". - ამბობს თვითმხილველი, ფატიმა აქუბარდია ტაბულასთან საუბარში.  

ტაბულას მომხდარზე ინფორმაცია აქტივისტმა ანნა ქართლელიშვილმა მიაწოდა.

კომენტარები