სოლომონის კუნძულები

ჩინეთსა და სოლომონის კუნძულებს შორის უსაფრთხოების პაქტი გაფორმდა

ჩინეთისა და სოლომონის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვანგ იი და ჯერემია მანელე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ და მისმა კოლეგამ სოლომონის კუნძულებიდან, იერემია მანელიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების პაქტი გაფორმდა

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საელჩოსა და სოლომონის კუნძულების მაღალჩინოსნებს შორის უსაფრთხოების პაქტი დიდი ხნით ადრე გაფორმდა, მინისტრებს ხელშეკრულებისთვის ხელი აქამდე არ ჰქონდათ მოწერილი. პაქტი ჩინეთს საშუალებას აძლევს დაიცვას ინფრასტრუქტურა და სოციალური წესრიგი სოლომონის კუნძულებზე.

გასულ კვირას, ავსტრალიის საერთაშორისო განვითარებისა და წყნარი ოკეანის მინისტრი სოლომონის კუნძულების დედაქალაქს, ჰონიარას ეწვია და მთავრობის პირებს სთხოვა, არ მოეწერათ ხელი ჩინეთთან უსაფრთხოების პაქტზე.

18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით თეთრი სახლის ინდო-წყნარი ოკეანის კოორდინატორი კურტ კემპბელი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აზიაში, სოლომონის კუნძულებზე გაემგზავრებიან.

ჩინეთის წარმომადგენელმა აშშ-ს მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტს დაძაბულობის გაზრდის მცდელობად აფასებს. 

"დაძაბულობის გაზრდისა და კონკურენტი ბანაკების მობილიზების მიზანმიმართული მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის". - თქვა ვანგმა.

ჰონიარას პარლამენტის საჯარო ანგარიშების კომიტეტის თავმჯდომარის, დაგლას ეტის თქმით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მომავალ თვეში ჩამოვლენ. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეთევზეობის სფეროში ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სოლომონის კუნძულებმა მარტში განაცხადა, რომ სამხედრო თავდაცვისა და ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღრმავებს. თუმცა, საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე დასძინა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჩინეთის სამხედრო ბაზის განთავსებას არ დაუშვებს. 

კომენტარები