24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ დრომდე, 16 აპრილის მონაცემებით, საკუთარ სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ გაავრცელა.
"ჯამში, 24 თებერვლიდან მილიონ 60 ათასი უკრაინელი დაბრუნდა თავის სამშობლოში. ". - ამბობს დემჩენკო.
საზღვრის დაცვის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ სააღდგომო არდადეგებზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





