რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი დონბასის რეგიონში რუს სეპარატისტებს სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის ცნობით, ქვეყანა დამატებით 206 პირს სანქციებს უწესებს. მათგან 178 რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.

საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სიაში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანანჩენკო და მთავრობის თავმჯდომარე სერგეი კოზლოვი მოხვდნენ.

ასევე, სამიზნეთა სიაში რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებიც არიან. მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლს, მარია ლავროვას ბრიტანეთში ჩასვლის აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა ემუქრება. 

"აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს უჭერს მხარს". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა. 

ბრიტანეთის მთავრობა ასევე მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე. წინასწარი ინფორმაციით, სანქციათა პაკეტი რკინისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტის, ასევე, კვანტური ტექნოლოგიების, ძვირადღირებული საქონლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები