კრიმინალი

"სხვისი მოგებული ფულის განკარგვა სურდათ" – "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერისთვის 2 პირი დააკავეს

RFE/RL

სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ორი პირი - 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. გარდა ამისა, ე.წ კანონიერი ქურდობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს, ხოლო "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის - 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს  და 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. მათ 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. "ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, "ქურდული სამყაროს" წევრ ზ. ხ.-ს და "კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა
განეკარგა.

ამის შემდეგ, დ.უ.-ს  "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ "კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს "ქურდული სამყაროს“ საქმიანობას" - აცხადებს შსს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

კომენტარები