კრიმინალი

ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილს თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. პოლიციამ 2003 წელს დაბადებული ბ.ქ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 2001 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა ბ.ქ.-მ 1989 წელს დაბადებულ დ.მ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ინციდენტში მონაწილე ა.კ. მკვლელობის და დაჭრის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები